
საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ჩარკვიანისთვის გამოწერილი მედიკამენტები გაყიდეს.
როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ეჭვს აჩენს ის, რომ ავადმყოფობის ისტორიაში წერია, რომ ახალგაზრდას 531 ამპულა გაუკეთეს, თუმცა გაცემის ჟურნალში წერია, რომ მის სახელზე 561 ამპულაა გაცემული.
"რაც არის დადასტურებული, ავადმყოფობის ისტორიაში წერია, რომ 531 ამპულა გაუკეთეს, შემდეგ გახდა 561 ამპულა. იმიტომ, რომ სასწაული მოხდა, აი რასაც თქვენ ბრძანებთ ნარკოტიკების გაყიდვასთან დაკავშირებით აქ იკვეთება ერთ რამ, ავადმყოფობის ისტორიაში 531 ამპულა გაუკეთეს და ნარკოტიკების გაცემის ჟურნალში გაცემულია 561 ამპულა. აქედან გამომდინარე ეფექტურმა გამოძიებამ, შეიძლე ბა 531 ამპულა არის სასიკვდილო ასევე, დანარჩენი შეიძლება გაყიდეს, მაგრამ აი ეს არის ბინძური ორგანო", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2022 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. მაშინ ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დასახელდა, თუმცა ოჯახის ამ ვარაუდს არ ენდობა.
მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ გუშინ, 23 იანვარს, ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის უფროსს ბრალი წარუდგინა. მას პროკურატურა ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას ედავება.
საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა ოჯახმაც, რომელმაც დაასკვნა, რომ ჩარკვიანს, დანიშნული პრეპარატები დანიშნული დოზებით, თუ მართლა გაუკეთდა, ეს მის გარდაცვალებას გამოიწვევდა.