გაუპატიურება, ძალადობა "ვაგნერს" ყველგან დაჰყვება, მას ტერორისტული ორგანიზაცია უნდა ეწოდოს - დეკანოიძე ევროპის საბჭოში

გამოქვეყნდა:

გამოცხადდეს "ვაგნერის" დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად - ეს ინიციატივა განიხილეს ევროსაბჭოში. რეზოლუციას მხარი დაუჭირა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემაც. 

დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის აგრესიასა და იმ დანაშაულებრივ ფაქტებზე ისაუბრა, რაც ოკუპანტებმა აფხაზეთში ჩაიდინეს.

რეზოლუციას აქვს უკრაინის დელეგაციის მხარდაჭერაც.

"ომი, რა თქმა უნდა, ტრაგედია და ჯოჯოხეთია ქალებისა და გოგონებისთვის.
რუსეთის ამ სასტიკმა და გაუმართლებელმა შეჭრამ უკრაინაში ეს კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს.
უკრაინაში გაუპატიურების მსხვერპლნი არიან ოთხი წლის ასაკის ბავშვები და 80 წლამდე ქალები, რაც დადასტურებულია. რუსეთი იყენებს გაუპატიურებას, როგორც ომის იარაღს, რაც მხოლოდ აღრმავებს ამ ტრაგედიებს და გასაკვირი არ არის, როცა თვალებს ვახელთ და ვაცნობიერებთ რუსული ძალების აგრესიულ ხასიათს.

საქართველომ ეს უკვე არაერთხელ გამოსცადა, მათ შორის 2008 წელს და 90-იან წლებში. 1993 წელს ქართველი გოგონა გააუპატიურეს, მოკლეს და მისი სხეული დაანაწევრეს აფხაზეთში. მეორეს რამდენიმე დღის განმავლობაში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, სანამ სიკვდილით დასჯიდჯენ. დედებზე ძალადობდნენ შვილების თვალწინ, ცოლებზე - ქმრების თვალწინ, ქალიშვილებზე - მშობლების თვალწინ. მათ შორის აუპატიურებდნენ მშვიდობიან მონაზვნებს. ეს იყო იმ ასობით დოკუმენტური გაუპატიურების შემთხვევებს შორის, რაც 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა რუსეთის აგრესიის დროს საქართველოში.

რაც არ უნდა საშინლად ჟღერდეს, ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ დანაშაულები, ეს ჯარისკაცები აგრძელებენ იმავე მეთოდების გამოყენებას. გაუპატიურების ტრავმა სცილდება კონფლიქტს. ის არასოდეს ტოვებს ადამიანს, ოჯახს. მთელი თაობა დაზარალდება ომის დამთავრების შემდეგ და უკრაინის გამარჯვების შემდეგ. არის ფსიქოლოგიური გავლენა, რაზეც რუსეთს მოუწევს პასუხის გაცემა.

დღეს მინდა გამოვიყენო ეს ტრიბუნა, რათა პატივი მივაგო რუსეთის მიერ ორკესტრირებული სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს. დიახ, მე ვამბობ ორკესტრირებულს, რადგან ეჭვგარეშეა, რომ ძალადობის ეს დონე დაგეგმილია არა მხოლოდ ცალკეული ჯარისკაცების, არამედ მთელი სამხედრო მანქანის მიერ და იმართება პუტინისა და კრემლის მიერ.

გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა ვაგნერის ჯგუფს ყველგან დაჰყვება. სწორედ ამიტომ, ევროპის საბჭოს ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ვაგნერის ჯგუფს უწოდოს ის, რაც სინამდვილეში არის: ტერორისტული ორგანიზაცია. თუ ჩვენ ვხედავთ ტერორიზმის განმარტებას, როგორც დანაშაულებრივი ძალადობის გამოყენებას ტერორის გამოწვევისთვის და შიშის დასანერგად, არ შეიძლება არსებობდეს სხვა ტერმინოლოგია, რომელიც აღწერს დანაშაულებრივ ორგანიზაციას.
ქალი ვარ, დედა ვარ. ის ფაქტი, რომ ეს ბარბაროსული აქტები ჯერ კიდევ არსებობს 21-ე საუკუნეში, მაჩვენებს, რომ სამყარო არ არის უსაფრთხო და არ იქნება უსაფრთხო, სანამ ჩვენ არ განვიხილავთ სექსუალურ ძალადობას, როგორც რეალურ სამხედრო დანაშაულს, არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ მოქმედებაში. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს", - თქვა დეკანოიძემ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი