რუსული პოლიციის მეთოდებით და კომპიუტერული სისტემებით მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ირკვევა, რომ საქართველოს ძალოვანი უწყება სახის ამოცნობის, პიროვნების ვერიფიკაციის, თითის ანაბეჭდის ამოცნობისა და მონაცემთა ბაზების შექმნისთვის რუსული წარმოების პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს.
პრობლემის არსი, ოპოზიციის შეფასებით, ის არის, რომ საქართველოსთან ერთად ამ სისტემაშია ჩართული რუსეთი, ბელარუსი და კიდევ რამდენიმე ყოფილი საბჭოთა ქვეყანა. ხელისუფლების ოპონენტებისა და უსაფრთხოების ექსპერტების საერთო შეფასებით, სწორედ ამ სისტემის გამოყენება არის კიდევ ერთი მტკიცება იმისა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება სულ უფრო აახლოებს ქვეყანას რუსული გავლენის ორბიტასთან.