ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა 26 იანვრის ღამეს ღაზას სექტორი დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საჰაერო თავდასხმა პალესტინელების მიერ ისრაელის სამხრეთ ნაწილის დაბომბვას მოჰყვა.
რეგიონში სიტუაცია პალესტინის სასაზღვრო ქალაქ ჯენინში, ისრაელის სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული რეიდის შემდეგ დაიძაბა.
BBC-ის ცნობით, რეიდის დროს მომხდარი დაპირისპირებისას ისრაელელმა ჯარისკაცებმა 9 პალესტინელი მოკლეს, მათ შორის 7 შეიარაღებული ადამიანი იყო, ხოლო 2 სამოქალაქო პირი.
ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნების მტკიცებით, რეიდი "რადიკალი ისლამისტი ჯიჰადისტების" დასაკავებლად ჩაატარეს, რომლებიც მასიურ ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ.
პალესტინურმა მხარემ ისრაელი მიზანმიმართულ "ხოცვაში" დაადანაშაულა და მოგვიანებით განაცხადა, რომ "უსაფრთხოების საკითხებში ისრაელთან ყველანაირ კოორდინაციას აჩერებს".