
მედიის საქმიანობაში უხეში ჩარევა - ასევ აფასებენ მესამე სექტორში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კიდევ ერთ განცხადებას, რომელიც "მთავარი არხის" წინააღმდეგ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებას ეხება. არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ თუ კონკრეტულ სიუჟეტში დარღვევები იყო, საქმეში არა ძალოვანი უწყება, არამედ თვითრეგულირების კომისია უნდა ჩართულიყო.
ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი იმისა, რომ სახელმწიფოს, როდესაც მოუნდება, შეუძლია დაიწყოს გამოძიება იმ მედიის მიმართ, რომელიც არის მის მიმართ კრიტიკული და შესაბამისად, ჩაერიოს მის საქმიანობაში ძალიან უხეშად, - ამბობს საია-ს იურისტი ნიკა სიმონიშვილი.
"სამართლიანი არჩევნების" დირექტორი ელენე ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყება ძალიან შემაშფოთებელია.
ეს შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ეს არის პირდაპირ მიმართული კრიტიკული მედია საშუალების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს გამოხატვის თავისუფლების ერთგვარად ჩახშობას. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ ეს ხდება საარჩევნო წელს, - ასკვნის იგი.
შეგახსენებთ, რომ უწყების განცხადებით, გამოძიების პროცესში გამოიკითხა ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადაცემა "შაბათის მთავარში" გასული რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპონდენტი, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები, სიუჟეტის ავტორთა მიერ, განზრახ იყო დამახინჯებული.
არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გამოძიებას სახიფათო პრეცედენტად აფასებს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას თავის ფეისბუქის გვერდზე არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თარგმანი სწორია და ამ საქმეში სუს-ის დანაშაული უფრო იკვეთება, რომლებმაც, გვარამიას თქმით, "მთავარის" რესპონდენტები "აკაჩავეს".
კოვიდ 19-ის თემაზე მომზადებული სკანდალური სიუჟეტი არხის ეთერში 20 ივნისს, "შაბათის მთავარში" გავიდა.