თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ცოტა ხანში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყება, მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი მივიდა.
ნიკოლოზ სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება და არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, საპროტესტო აქციები დაიწყოს.
"ვუყურებ დღევანდელ სასამართლოს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული საბოლოოდ, მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელ სასამართლოს შემდგომ. მე მაინც იმედი მაქვს, რომ გუშინდელი ჩემი ლაპარაკიდან, ასევე მიშას მომხრეებიდან, საქართველოს მომხრეებიდან, რაღაც ზემოქმედება იქნება და დღეს არევაძე მაინც ასე თუ ისე ნორმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეს თუ არ გადაწყდება, შეიძლება ხვალ უკვე გვიანი იყოს. მე ასე ვფიქრობ და ამათმა უნდა იფიქრონ თავიანთ თავზე, გასაქცევი არსად ექნებათ ძალიან დიდი ხალხის რისხვა დაატყდებათ რამე რომ მოხდეს", - ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.
ნიკოლოზ სააკაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია, ამიტომ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებელია.
"ჩემის აზრით, მე ექიმი ვარ და ჩემი პოზიციის თვალთახედვით, საქართველოში ყოვლად შეუძლებელია იმ პროცესის ჩატარება, როგორიცაა დეტოქსი. პირველ რიგში უნდა მოხდეს დეტოქსიკაცია, იმიტომ რომ ის არის მოწამლული და შეუძლებელია. ამის საშუალება საქართველოს არ გააჩნია, ამიტომ დროზე უნდა მოხდეს მისი გაყვანა. კი ბატონო, ძალიან კარგია დატოვება სახლში, ფსიქოლოგიური მომენტების შემსუბუქება, მაგრამ ძირითადი მიზეზის მოსპობა ვერ მოხდება", - თქვა ნიკოლოზ სააკაშვილმა.
დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეს განიხილავენ.