საქართველოში მყოფი მოლდოვის ვიცე-პრემიერი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზს ეწვია

გამოქვეყნდა:

საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრ, თეა ახვლედიანთან ერთად სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზს ეწვია.

მისი თქმით, ორ ქვეყანას ბევრი საერთო აქვს და ქმედებები თბილისსა და კიშინოვს შორის უფრო კოორდინირებული უნდა იყოს, ევროპელ კოლეგებთან ერთად.

"ძალიან საინტერესო გამოცდილებაა იხილო რეალობა ადგილზე, საოკუპაციო ხაზთან, ნახო რუსული სამხედრო ბაზა მეორე მხარეს. ეს არის საერთო ჩვენი რეგიონისთვის, რადგან გვაქვს ანალოგიური გამოცდილება დნესტრისპირეთშიც. როგორც იცით, რუსული სამხედრო ძალები იქ არალეგალურად განლაგებული არიან 1991 წლიდან. ჩემი ქართველი კოლეგისგან ძალიან საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არის პრობლემები ადამიანის უფლებების კუთხით, სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ეთნიკური წმენდა ორივე რეგიონში და ასობით ათასი ქართველის ტრაგედია, რომლებსაც იძულებით მოუწიათ ამ რეგიონების დატოვება. ვფიქრობ, ბევრი საკითხი გვაერთიანებს, სწორედ ამიტომ ქმედებები თბილისსა და კიშინოვს შორის უფრო კოორდინირებული უნდა იყოს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად. დღეს ასევე ვიყავი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და მათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან არსებული რეალობის შესახებ ბევრი შეკითხვა დავუსვი. ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ეს არის ნამდვილად ძალიან ინფორმატიული და საინტერესო, მაგრამ ამასთან სამწუხარო გამოცდილება", - განაცხადა ოლეგ სერებრიანმა.

ვიცე-პრემიერი ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მოისმინა დეტალური ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავებების, ასევე ადამიანის უფლებების სხვა უხეში დარღვევებისა და ინციდენტების თაობაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი