მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება.
დებატები ევროპარლამენტარ ანნა ფოტიგას ინიციატივით ჩატარდება. 1-ელ თებერვალს, სხდომაზე ფოტიგამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია და საჭიროა დებატები. ფოტიგას წინადადებას მხარი კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.
"ყველამ ვნახეთ, როგორ გამოიყურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის, როდესაც ის დისტანციურად ჩაერთო თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებების მისაცემად. ჩვენ ყველამ ვნახეთ მისი ჯანმრთელობის ძალიან მყიფე მდგომარეობა. ჩვენ მრავალი დოკუმენტი მივიღეთ, რომელშიც მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილი გათავისუფლებულ იქნას ჰუმანიტარული მიზეზებით, რათა საზღვარგარეთ გაიაროს სათანადო მკურნალობა.
მისი ჯანმრთელობის სავალალო მდგომარეობა დადასტურებულია მსოფლიოში ცნობილი ნევროპათოლოგების მიერ. გარდა ამისა, გამჟღავნდა მედიკამენტების არასწორი ადმინისტრირების ფაქტები. ამიტომ, მე მოწიწებით გთხოვთ, რომ მიიღოთ ჩვენი თხოვნა და გამართოთ ეს დებატი. ვაყენებთ ამ საკითხს კენჭისყრაზე" - განაცხადა ანა ფოტიგამ ბრიუსელში, ევროდეპუტატებისთვის მიმართვისას.