ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოკვლის მცდელობაში ადანაშაულებს - ამ სათაურით The New York Times სტატიას აქვეყენებს. მასალის ავტორი საერთაშორისო ახალი ამბების რედაქტორი, რიჩარდ პერეს-პენია.
საერთაშორისო მედია წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობა ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. და აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა უკრაინის მოქალაქეა და დააპატიმრებულია იმ ქვეყნის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა, მათ შორის რუსეთის შემოჭრის დროს 2008 წელს.
როგორც NYT წერს, ზელენსკი ვარაუდობს, რომ საქართველო, ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო, არასათანადოდ ეპყრობა 55 წლის მიხეილ სააკაშვილს, რუსეთის დიდი ხნის მოწინააღმდეგეს, რათა კრემლის კეთილგანწყობა მოიპოვოს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ზელენსკის ხელში ეჭირა საქართველოს ოდესღაც ძლიერი ყოფილი პრეზიდენტის ფოტოები, რომელშიც ის გაფითრებულია და ჯანმრთელად არ გამოიყურება.
სააკაშვილის მხარდამჭერები, უფლებადამცველი ჯგუფები და უცხოელი დიპლომატები საქართველოს ადანაშაულებენ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმაში მას შემდეგ, რაც ის ქვეყანაში დაბრუნდა 2021 წელს და დააკავეს კორუფციისა და პოლიტიკური ოპონენტის სასტიკი ცემის ბრალდებით. ბატონმა ზელენსკიმ პირდაპირ თქვა, რომ ის არ აკეთებს კომენტარს ბრალდებების მართებულობაზე, საუბრობს მხოლოდ იმაზე, რომ ხდება "უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება",- წერს NYT
სტატიაში მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიაზეც არის საუბარი და აღნიშნულია შემდეგი:
"2003 წელს ბ-ნი სააკაშვილი დაეხმარა ქუჩის საპროტესტო აქციების წარმართვას, რომლებიც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, ყოფილ საბჭოთა ჩინოვნიკს თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ. შემდეგ ბატონმა სააკაშვილმა 37 წლის ასაკში საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. ის ხელახლა აირჩიეს 2008 წელს.
ის მიზნად ისახავდა საქართველოს გამოყვანას მოსკოვის ორბიტიდან და დასავლეთთან დაახლოებას, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას - და ამით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ ვ. პუტინი აღაშფოთა",- ნათქვამია სტატიაში
სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას ორი ქვეყანა რუსეთი და საქართველო ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდა. "2008 წელს ნატო საქართველოსა და უკრაინას ერთ დღეს გაწევრიანებას დაჰპირდა. რამდენიმე თვის შემდეგ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, რამდენიმე დღეში დაამარცხა მისი ძალები და მას ჯერ კიდევ ჰყავს ჯარები განლაგებული სეპარატისტულ რეგიონებში."
სტატიის ავტორის აზრით, უკრაინელებისთვის, რომელთა ქვეყანაც წლების განმავლობაში ებრძოდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს გასულ წელს სრულ შეჭრამდე, საქართველოს გამოცდილება და პარალელები მტკივნეული და აშკარაა.
და ბოლოს ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა 2013 წელს, მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა აიღეს კონტროლი და მან დატოვა ქვეყანა, ცხოვრობდა უკრაინასა და შეერთებულ შტატებში. ის გარკვეული პერიოდი უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორად და პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლად მუშაობდა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.