
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში დებატები მიმდინარეობს. საკუთარ გამოსვლაში ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრმა, მირიამ ლექსმანმა თქვა, რომ ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დგამს სათანადო ნაბიჯებს, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადაარჩინოს.
"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. თამაშები, ფანდები და შეყოვნება უნდა დასრულდეს. საქართველოს ხელისუფლების ასეთი ურცხვი ქმედებები ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის გაცხადებულ კურსს ევროპული ინტეგრეციის მიმართულებით, ისევე როგორც ყველა ღირებულებასა და პრინციპს, რომელსაც ეს მოიცავს. ისევე, როგორც არაერთხელ გაგვიკეთებია ამ ტრიბუნიდან, ახლაც მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, რომ მისცეს ბატონ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის გავლის საშუალება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის მიხედვით. არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა და პასუხიც მოეთხოვება, თუ სააკაშვილს რამე დაემართა.",- თქვა ლექსმანმა.
ცნობისთვის, დებატები ევროპარლამენტარ ანნა ფოტიგას ინიციატივით ტარდება. 1-ელ თებერვალს, სხდომაზე ფოტიგამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია. ფოტიგას წინადადებას მხარი კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.