ფსიქოტროპული პრეპარატები არ არის, დაზიანებები ვერ დავინახეთ - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ფსიქოტროპული არანაირი პრეპარატები არ არის. დაზიანებები ასე ვერ დავინახეთ, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა ისაუბრა. მიხეილ რამიშვილის თქმით, 23 წლის გოგოს ავტომობილიდან ამოღებულ მედიკამენტებში ფსიქოტროპული წამლები არ არის. მისივე ინფორმაციით, ყველა კვალის ნიმუში აიღეს, რომ შემდეგ ნიმუშები არ გაენადგურებინათ. 

მიმდინარებობს შეფასება, ადგილმდებარეობის შესწავლა, დეტალურად, ჩემი თანდასწრებით ხდება იმ ნივთების, ადგილმდებარეობის, ყველა იმ კვალის ამოღება, დალუქვა. იმ წამლების, რაც ამოიღეს. ფსიქოტროპული არანაირი პრეპარატები არ არის. არის დასახელებები, მე არ ვიცი მაგას ექპერტები იტყვიან, რა პრეპარატებს განეკუთვნება, ფსიქოტროპული ნამდვილად არ არის. დაზიანებები ასე ვერ დავინახეთ, ვერ დავინახავ იმიტომ, რომ მოგეხენებათ, დროს აქვს მნიშვნელობა, როდის არის ადამიანი გარდაცვლილი, რამდენი ხანი იმყოფებოდა გარდაცვლილ მდგომარეობაში. ვადების შემდეგ იცვლება ფერი. მანქანა რა გზითაც შემოვიდა, ყველაფერი ეს, კვალი, გზა, როგორც მიდიოდა, მანქანის გადაადგილების ეს ნიმუშები ავიღეთ, მერე რომ არ გაენადგურებინათ, - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ  18 ივლისს  გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი დღეს, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს ის თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ეფექტური გამოძიების მოთხოვნით,  21 ივლისს, ოჯახის  ახლობლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს

ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ბოლო დროს დათრგუნული იყო და მის გარდაცვალებას სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებენ. პროგრამისტის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს, სადაც უნდა დადგინდეს ახალგაზრდა ქალის დაღუპვის ზუსტი მიზეზი. სიკვდილის შესაძლო ვერსიად მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია განიხილება, რადგან გარდაცვლილის მანქანაში მედიკამენტები აღმოაჩინეს.

ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! - ამ ლოზუნგით კი მოძრაობა "შეცვალე" და ორგანიზაცია "დემოკრატიული მომავლისთვის" დღეს, 22 ივლისს, 21 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას აანონსებენ. როგორც ორგანიზატორები წერენ, აქციის მიზანია, ბოლო დროს გახშირებული ბუნდოვანი მკვლელობების ფონზე, საზოგადოებამ საგამოძიებო უწყებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისკენ მოუწოდოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი