სად მუშაობდა დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილი - ბურუსით მოცული სიკვდილი

გამოქვეყნდა:

თბილისის ორ მისამართზე საგამოძიებო მოქმედებები დღის სამი საათისთვის დაიწყო. გამრეკელისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები კომპანია ZAG-ის თანამშრომლების კომპიუტერულ ტექნიკას ამოწმებდნენ. ექსპერტ-კრიმინალისტები იმ მიმოწერებს ეძებენ, რომელიც შესაძლოა თამარ ბაჩალიაშვილს საკუთარ თანამშრომლებთან ჰქონდა. თუკი ასეთ მტკიცებულებებს ნამდვილად მიაკვლიეს, შესაძლოა 23 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოება გაჩნდეს. 

კომპანია ZAG-ში თამარ ბაჩალიაშვილი ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. ორგანიზაციის დამფუძნებელმა დღეს დაღუპულთან დაკავშირებით პირველად ისაუბრა. ნიკოლოზ გეჯაძის განცხადებით, 23 წლის ქალი კომპიუტერულ პროგრამაზე მუშაობდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ხელმძღვანელობას უთხრა, რომ სამსახურიდან წასვლას აპირებდა და თანამშრომლები გააფრთხილა. როგორც კომპანიის მენეჯმენტში ყვებიან, სამსახურიდან წასვლის მიზეზი უთანხმოება არ გამხდარა, გეჯაძის ინფორმაციით,  გარდაცვლილს უნდოდა, სწავლისთვის უფრო მეტი დრო დაეთმო.

კომპანია, რომელსაც თბილისის ცენტრში ორი ოფისი აქვს, ბოლომდე გარკვეული არ არის, რა საქმიანობით იყო დაკავებული. სადარბაზოს მეზობლებმაც კი არ იციან რას აკეთებდნენ სამსახურში თანამშრომლები დილიდან საღამომდე. თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ შპს ZAG-იც ბოტების ქარხნის ერთ-ერთი წარმომადგენლობა იყო. დღეს სამსახურის დირექტორმა განმარტა, რომ ტროლების ქარხანა სხვა სართულზეა და მათთან შეხება არ აქვთ.

კომპანიის რეპუტაცია საეჭვო მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ არც ერთ მისამართზე საქმიანობის მიმანიშნებელი აბრა არ არის. თავად ZAG-ის წარმომადგენლობაში კი ამბობენ, რომ საქართველოს ბაზრისთვის არ მუშაობენ და დაკვეთას კომპიუტერების პროგრამების მომსახურებაზე, ამერიკიდან იღებენ.

კომპანიის დირექტორის ვრცელი ინტერვიუდან ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებზეა საუბარი. თამარ კობერიძე დღეს აცხადებდა, რომ გარდაცვლილის მშობლებს გასულ დღეებში მუდმივად უკავშირდებოდა და სთავაზობდა, რომ ინფორმაცია მედიისთვის შეეტყობინებინა, რათა მათი დახმარებით მომხდარიყო გაუჩინარებული გოგონას მოძებნა. თუმცა ჯერ კიდევ გუშინ, ბაჩილაშვილის დედას ეს ფაქტი არ დაუდასტურებია. დირექტორი არ ადასტურებს ოჯახის ეჭვს, რომ გოგონამ მაღალანაზღაურებადი სამსახური მათთან კონფლიქტის გამო დატოვა.

გარდაცვლილი ახალგაზრდა ორ სამსახურში მუშაობდა, ამ დრომდე უცნობია რომელი კომპანია იყო მეორე, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი შეთავსებით საქმიანობდა. სამართალდამცავებს ამ დრომდე არ ამოუღიათ, ნივთები კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის სახლიდან. ჯერ კიდევ გუშინ, სახლში მის სამუშაო მაგიდაზე "მთავარმა არხმა" აღმოჩინა ტელეფონის ღიად დატოვებული რამდენიმე ნომერი. ჩვენ ყველა მათგანთან დაკავშირება ვცადეთ. ვინც გვიპასუხა, ყველა ამბობდა, რომ გარდაცვლილს პირადად არ იცნობდა.

კომპანია საიდუმლო საქმიანობითა და საეჭვო რეპუტაციით, ორივე მისამართზე, სადაც შპს ZAG-ს ოფისი აქვს, მეზობლებმა არაფერი იციან, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია კომპიუტერული პროგრამირების მიმართულებით ამ ორ ობიექტზე წლების განმავლობაში ფუნქციონირებს, ვერავინ გაიგო რას აკეთებდნენ ისინი.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი დღეს იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბაჩალიაშვილის გაუჩინარებას მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ, პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ დღეს შეაღწიეს, გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე.

გარდაცვალების ბურუსით მოცულ ისტორიაში ამ დრომდე პასუხგაუცემელი უამრავი შეკითხვაა. რა გახდა სიკვდილის მიზეზი, თამარ ბაჩილაშვილი მოკლეს თუ თავი მოიკლა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი