"ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა.. ყველაფერი სამსახურიდან მოდის" - თამარ ბაჩალიაშვილის მამა

გამოქვეყნდა:

ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა.. ყველაფერი სამსახურიდან მოდის, - ამის შესახებ დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" ისაუბრა. 

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი შვილის დაღუპვას ახალგაზრდა პროგრამისტის სამსახურს უკავშირებს. ამბობს, რომ ხშირად იყო შემთხვევა, როცა თამარ ბაჩალიაშვილი სახლში სამსახურიდან აღელვებული მიდიოდა. "ოჯახის მხრიდან არანაირი პრობლემა არ ჰქონია ბავშვს. სპეციალურად ველოდებოდი, კიდევ ასე მოვიდოდა თუ არა სახლში სამსახურიდან. ეს ყველაფერი სამსახურიდან მოდის.. ამას დავამტკიცებთ". 

ჯუმბერ ბაჩალიაშვილისვე თქმით, ადგილი, სადაც მისი შვილის ცხედარი იპოვეს, პოლიციას დრონით არ დაუთვალიერებია. "არ გაუტარებიათ არანაირი დრონი, არ ყოფილა ეგეთი რამე. არა მჯერა ეს, ტყუილია.. გზიდან რომ გაიხედები ხელმარჯვნივ, ეს ადგილი ხელისგულივით ჩანს 40-50 მეტრში.. დღეს რომ წავედი, ტრიალი მინდორია.. როგორ არ გამოჩნდებოდა"..

თამარ ბაჩალიაშვილის მამა ამბობს იმასაც, რომ მისი შვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში არ გადაუსვენებიათ, რადგან ბიუროში ამბობენ, რომ ყინული არ აქვთ. 

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ყინული არ აქვთ. ბიძაშვილი იყო და იმას უთხრეს, ისეთ მდგომარეობაშია, რომ ვერ გადმოვასვენებთო. თან ყინული არ აქვთ, ამიტომაც შევფერხდით, არ ვიცი.. მერე ბიჭებმა ირბინეს, ყინული ნაშოვნია და დილით ადრე უნდა მივიტანოთ, - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი. 

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმითვე, ოჯახი გაჩერებას არ აპირებს, გამოძიების მიმდინარეობას ბოლომდე დააკვირდება და საკუთარ სიმართლესაც დაამტკიცებს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი დღეს იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ, პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ დღეს შეაღწიეს, გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი