ხელოვანის მიერ კედელზე გაკეთებული წარწერა | გამოფენის კურატორი პოლიციაში გამოიკითხა

გამოქვეყნდა:

ხელოვანის მიერ ეროვნული გალერეის კედელზე გაკეთებული წარწერის გამო გამოფენის კურატორი, ქეთი შავგულიძე გამოკითხვაზე დაიბარეს. 

"კითხვა ჰქონდათ, როგორ მოხდა ჩვენი კომუნიკაცია, საიდან ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს, მე და სანდრო. როგორ მოხდა ამ გამოფენისთვის მზადება, დავინახე თუ არა ფაქტი, ვიცოდი თუ არა ამის შესახებ და როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები..." - ამბობს შავგულიძე. 

პარალელურად, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა, "მხატვრის მიერ ეროვნული გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია". საუბარია, გალერეაში მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ გაკეთებულ წარწერაზე - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".

გალერეის განცხადებაში წერია, რომ სულაბერიძემ ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცის კედელი დააზიანა.

"მხატვრის მიერ ეროვნული გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია.

4 თებერვალს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში კულტურის ცენტრ „ათინათის“ გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“ გაიხსნა (კურატორი ქეთევან შავგულიძე).

გამოფენის გახსნისას, გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ, გამოფენაში მონაწილეობა გადაიფიქრა (კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა) და შესასხურებელი საღებავით წარწერა გააკეთა, რითაც დააზიანა ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცის კედელი.

ამ დროისთვის, „ათინათის” მიერ კედლის პირვანდელი იერსახე აღდგენილია და გამოფენა ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენა გაიხსნა, ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი