ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ძალების კონსოლიდაცია, და საერთო მიზნის გარშემო პოლიტიკური პარტიების გაერთიანება მიუხედავად მათი გემოვნებისა თუ პირადი სიმპათიებისა. ამ მოსაზრებაზე ყველა ოპოზიციური ძალა თანხმდება მარტივი მიზეზის გამო - რაც დროს გადის, მით უფრო აშკარა ხდება "ქართული ოცნების" არადემოკრატიული ზრახვები და აშკარა ხდება მოქმედი ხელისუფლების ზედმეტად მჭიდრო კავშირები ოკუპანტ რუსეთთან. იმდენად მჭიდრო, რომ თავისუფალი სამყაროს გადმოსახედიდან ზღვარი კრემლსა და თბილისს შორის უკვე იშლება.
აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ჩრდილოვანი ფორმატი აქამდეც არაერთ კრიტიკულ კითხვას ბადებდა. თუმცა ბოლო სკანდალური ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ გაირკვა, რომ რეალურად ეს დიალოგი რუსეთის სტრატეგიული ინტერესების განხილვას ეთმობა და არა საქართველოს პრობლემების, კერძოდ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის გადაჭრას.
ჩანაწერი youtube-ზე "კიბერ კმარას" სახელით გავრცელდა, რომელმაც მანამდე ივანიშვილისა და მილიარდერ ევტუშენკოვს შორის საუბარი გამოაქვეყნა. სხვათა შორის, არც ერთ ეტაპზე "ქართულ ოცნებას" არც აბაშიძის, და არც თავად ივანიშვილის ჩანაწერების ავთენტიკურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. ეს არა იმდენად "ოცნების" პატიოსნებაზე მიუთითებს, არამედ უფრო მეტად მათ შიშზე, რომ შესაძლოა არსებობდეს სხვა, მათი გადასახედიდან კიდევ უფრო სენსიტიური მასალები. მანამდე კი თავს იმით იმართლებენ, რომ ეს მეგობრული საუბრებია. და როცა ორი რუსი ოლიგარქი, ან ორი ყოფილი საბჭოთა დიპლომატი თუნდაც ამინდს ან ხორბლის იმპორტს განიხილავს, თითქოს მოსაწყენ საუბარში გამოცდილი ყური ბევრ საინტერესოს გაარჩევს.