
მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე დღეს, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო სხდომა გაიმართება. პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვას იტყვიან, გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დაცვის მხარემ გასვლითი სხდომის ჩატარებაზე შესაძლოა შუამდგომლობა დააყენოს.
"დასკვნით სიტყვას ვიტყვით ადვოკატები, ასევე დასკვნით სიტყვას იტყვიან პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ დავაყენოთ შუამდგომლობა გასვლითი სხდომა განახორციელოს მოსამართლემ. გასვლითი სხდომა ნიშნავს, რომ კლინიკაში მივიდეთ და ადგილზე ვნახოთ ბატონი მიხეილ სააკაშვილი. თუ იქნება ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, ევროპის სახელმწიფოები გამოთქვამენ სურვილს ჩამოფრინდეს თვითმფრინავი, რომელიც სამედიცინო იქნება და მოახერხონ მისი გაყვანა. ჩვენის აზრით, არ არსებობს ოდნავი საფუძველი იმისი, რომ მოსამართლემ უარი გვითხრას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
დასკვნითი სიტყვის შემდგომ, მოსამართლე გიორგი არევაძე სათათბიროდ გავა, უცნობია, დღესვე გამოაცხადებს თუ არა ის გადაწყვეტილებას.