
რუსეთის ფედერალური საბჭოს ვიცესპიკერი, კონსტატნტინ კოსაჩევი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებას გამოეხმაურა.
კოსაჩევის თქმით, საქართველო ევროკავშირისკენ მისწრაფებით ხაფანგში გაეხვა:
"გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა საქართველო გააფრთხილა რუსეთის ფედერაციასთან ფრენების აღდგენის შემთხვევაში შესაძლო სანქციების შესახებ. ევროკავშირმა - საქართველო, არა ევროკავშირის წევრი, საქართველოს ურთიერთობაზე მესამე ქვეყანასთან, რომელიც ასევე არაა ევროკავშირის წევრი. საქართველო კი დუმს!
ასე გამოიყურება სუვერენიტეტის სრული დაკარგვა. ასე გამოიყურება გეოპოლიტიკური მონობა, თუ ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი. უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. სწორედ ამაში გაება საქართველო თავისი ევროპისკენ სწრაფვით, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. საბედნიეროდ, არა რუსეთთან ერთად", - დაწერა კოსაჩევმა.
ცნობისთვის, მანამდე პიტერ სტანომ თქვა, რომ ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს EU-სა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში დაწესებულ სანქციებს.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამოთქვა იმედი, რომ "საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება". მან ქართული ოცნება შეაქო იმისთვისაც, რომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ლავროვის განცხადებებს "ქართული ოცნების" ლიდერები კმაყოფილებით შეხვდნენ და თქვეს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა "მისასალმებელი იქნება".
ამავე თემაზე: