
"ქართულმა სასამართლომ ყოფილი ლიდერის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მოტივით გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Reuters და საქალაქო სასამართლოსა და მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
გამოცემა წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2004-დან 2013 წლამდე პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკას ხელმძღვანელობდა, როგორც პროდასავლური რეფორმატორი, 6-წლიან პატიმრობას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით იხდის - "ბრალდებას, რომელზეც ის და მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია. სააკაშვილის გუნდის მიერ გაზიარებულ განცხადებაში, ყოფილმა ლიდერმა გააკრიტიკა გადაწყვეტილება, როგორც მისი პოლიტიკური ოპონენტების მიერ გამოტანილი "სასიკვდილო განაჩენი".
Reuters თავად მიხეილ სააკაშვილზე დაყრდნობით წერს, რომ: "ხელისუფლების ექსპერტები არც კი შეწუხებულან, რომ მოვენახულებინე... მე ახლა სასიკვდილო განაჩენი მაქვს გამოტანილი".
ანალოგიური შინაარსის სტატიას აქვეყნებს გამოცემა USnews. მედიასაშუალება სტატიას Reuters-ზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
გამოცემა Todayonline კი მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილების შემდეგ წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დიდი ხნის განმავლობაში შიმშილობდა. მათივე ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ, მან სხეულის წონის 40%-ზე მეტი დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ დასკვნით სხდომაზე გამოაცხადა.
მანამდე საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სხდომა დასკვნითი სიტყვებით განახლდა. გადაწყვეტილება კი მოსამართლე არევაძემ სწორედ ადვოკატებისა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: