
დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის მასალებს ელოდება. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ბევრი კითხვის ნიშანია, მათ შორის იმ მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომლებიც ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს და რომელთა საფუძველზეც თვითმკვლელობის ვერსია გაჩნდა.
ჯერჯერობით უცნობი რჩება, თუ რა მუხლით დაიწყო საქმეზე გამოძიება. ნაპოვნ წერილთან დაკავშირებით კი ადვოკატი ამბობს, რომ მანქანაში სხვა ნივთებისა და ჩანაწერების გარდა ასევე ნაპოვნია ფურცელი წარწერით - "გამოიყენე ანაბარი", თუმცა გაურკვეველია, არის თუ არა ეს კავშირში მის დაღუპვასთან. ჯერჯერობით დაუდგენელი რჩება, როდის გარდაიცვალა 23 წლის პროგრამისტი და რამდენი დღე იდგა მისი მანქანა იმ ადგილას, სადაც იპოვეს.
სრულყოფილად არ იყო ძებნის პროცესი განხორციელებული იმის გათვალისწინებით, თუ იმ მიდამოებში ეძებდნენ, იმიტომ, რომ მოძებნიდნენ. თუ ეძებდნენ, მაშინ, იქ მანქანა არ ყოფილა და მერე არის შეყვანილი და ეგეც გამოსაძიებელია - იყო თუ არ იყო... მრავალი ფურცელი იყო... არც წერია რომელ ანაბარზეა ან ვის უნდა გამოეყენებინა, ასე რომ მაგას ვერანაირად ვერ ვუკავშირებ მე თითქოსდა ანდერძივით რაღაცას, - ამბობს რამიშვილი.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან შაბათს გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს.