
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება ექსპრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილის] საქმეს. მათივე განცხადებით, ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებებსა და შეფასებებს. ამის შესახებ კი სახდეპის სპიკერმა Europetime-ს განუცხადა.
"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მის [მიხეილ სააკაშვილის] საქმეს. მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მისთვის საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება და მისი უფლებების დაცვა. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებებსა და შეფასებებს, და მათი ბოლო ვიზიტის მდგომარეობით, ისინი კვლავ შეშფოთებულნი არიან, რომ ბატონი სააკაშვილი არ იღებს მისთვის საჭირო ზრუნვას", - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა Europetime-ს.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა.
მანამდე საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სხდომა დასკვნითი სიტყვებით განახლდა. გადაწყვეტილება კი მოსამართლე არევაძემ სწორედ ადვოკატებისა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.