სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ მიმართავენ - აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. მისი თქმით, მოსამართლე არევაძის გუშინდელი გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ქვეყნის შიგნით ყველა ინსტანცია იყოს გავლილი, ამის შემდეგ კი საბოლოო სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება. იქამდე კი დროებითი ღონისძიების გამოცემის მოთხოვნით, მესამე პრეზიდენტის ადვოკატები სტრასბურგს რამდენიმე დღეში მიმართავენ:
"გადაწყვეტილება ჩაგვბარდება, ბუნებრივია გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ იმ მიზნით, რომ გარკვეული ეტაპები გვქონდეს გავლილი, რომ საქმე გაიგზავნოს სტრასბურგის სასამართლოში, რაც შეეხება გუშინდელ გადაწყვეტილებას, მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არ აქვს.
ამ საქმეს განხილავს მხოლოდ 2 ინსტანცია. პირველი მორჩა, აპელაცია ერთ სხდომაში დამთავრებადია, მაგრამ, ჩვენ მანამდე სტრასბურგის სასამართლოს 39-ე მუხლით მივმართავთ უახლოეს დღეებში, ამ კვრის ბოლოს, ან იმ კვირის დასაწყისში, დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ." განაცხადა ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ, მოსამართლე გიორგი არევაძემ გუშინ, 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა და მესამე პრეზიდენტს სასჯელი არ გადაუვადა.