
პოლიტიკოსები ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინოგენულ ვითარებასა და ბოლო პერიოდში გაზრდილ დანაშაულზე საუბრობენ. მათი შეფასებით, საზოგადოებას დაუცველობისა და უიმედობის განცდა აქვს, არაეფექტური გამოძიებების გამო კი შესაბამისი უწყებებისადმი ნდობა სულ უფრო მცირდება.
ოპოზიციაში ხელისუფლების კრიმინალურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირზეც ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან კრიმინალი წახალისებულია და ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია.
ეს არის პირდაპირ შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება ატარებს. დაწყებული რიტორიკით ამ ტიპის ძალადობის მიმართ და დამთავრებული პირდაპირი ალიანსით კრიმინალურ საყაროსთან განსაკუთრებით მაშინ, როცა არჩევნებია, - ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიგა ბოკერია.
"ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს ინსტიტუციონალურ რღვევას.
როდესაც ხდება ამა თუ იმ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის მხრიდან გადაცდომა ან უფლებამოსილების გადამეტება, ამაზე პასუხს არ აგებს ამ სტრუქტურის ხელმძღვანელი, - აღნიშნავს ჯაფარიძე.