
ჯერჯერობით უცნობია, გადასცემს თუ არა საქართველო რუსეთს ივან კოჩეტკოვს, რომელსაც რუსეთში გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობაში თანამონაწილეობას ედავებიან. ადვოკატის მტკიცებით, კოჩეტკოვი უკანონო პატიმარია და ის მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მკვლელობაში ბრალდებულის, იაროსლავ სუმბაევის ცოლის ძმაა. ივან კოჩეტკოვი 2020 წლის 18 მაისს, მცხეთაში დააკავეს.
უფლებადამცველ გიორგი კონდახიშვილის თქმით, რუსეთი კოჩეტკოვის ექსტრადირებას იმ მუხლით ითხოვს, რომელიც სიკვდილის დასჯას ითვალისწინებს, რაც დაუშვებელია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო კონვენციით. ამიტომ იმედოვნებს, რომ საქართველო არ მოექცევა რუსეთის ზეგავლენის ქვეშ და არ მოხდება მისი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადირება, რის შესახებაც რუსეთის საინფორმაციო საშუალებებიდან გახდა ცნობილი.
ივან კოჩეტკოვი აბსოლუტურად უკანონოდ იმყოფება პატიმრობაში, მის წინააღმდეგ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება. ეს არის სრულად შეკერილი საქმე, როგორც სჩვევიათ რუსეთის გენერალურ პროკურატურას და სპეცსამსახურებს, - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ გამომძიებელი ევგენია შიშკინა 2018 წლის ოქტომბერში პოდმოსკოვიეში, საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით მოკლეს. ბიბისი-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, მისი მკვლელობის შეკვეთაში სავარაუდო ბრალდებულია ყოფილი ჰაკერი და ნარკომოვაჭრე, კოჩეტკოვის ცოლის ძმა იაროსლავ სუმბაევი, თუმცა აღსანიშნავია, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი შემკვეთის ვინაობას პირდაპირ ვერ ასახელებს. ბიბისის-ს ცნობით, სუმბაევიც თბილისში დააკავეს და რუსეთს გადასცეს.