"ბაჩალიაშვილის ექსპერტიზა დასრულდა და ოჯახს უკვე შეუძლია მისი გადასვენება" - სამხარაულის ბიურო

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა და ოჯახს უკვე შეუძლია მისი სახლში გადასვენება, - განცხადებას სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო ავრცელებს.

სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ამ დრომდე მიმდინარეობდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად დასრულებულია. ექსპერტიზა ჩაატარეს ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა და მას ასევე ესწრებოდა ოჯახის მიერ წარდგენილი პირი. ამ მომენტისთვის, ბიურო მზად არის, ოჯახს გადასცეს გარდაცვლილის ცხედარი. სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბიუროს გარდაცვლილის ახლობლებმა მოთხოვეს ყინული და მათ ბიუროს მხრიდან ეთქვათ უარი. ასეთი შინაარსის კომუნიკაცია ბიუროს ექსპერტებსა და ოჯახის წარმომადგენლებს შორის არ შემდგარა, - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბიუროში ყინულს არ იყენებენ. მათი მტკიცებით, ბიურო მზად არის, განათავსოს გარდაცვლილის ცხედარი სპეციალურ სივრცეში, ოჯახის მხრიდან გადასვენების მზაობის გამოთქმამდე.

 

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს სპეციალური, შესაბამისი დანადგარები, რომელშიც ხდება გვამის განთავსება იმ დრომდე, ვიდრე ოჯახის მიერ არ მიიღება გადაწყვეტილება, გარდაცვლილის გადასვენების შესახებ. აღნიშნული პროცედურა არაერთხელ განხორციელებულა ბიუროში. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა ბიურო მზად არის განათავსოს გარდაცვლილის ცხედარი სპეციალურ სივრცეში, ოჯახის მხრიდან გაადასვენების მზაობის გამოთქვამდე. ბიურო არის საექსპერტო დაწესებულება და არც ამ და არც სხვა შემთხვევაში, საექსპერტო დაწესებულებას არ გამოუყენებია ყინული ან სხვა რაიმე სახის ე.წ. სარიტუალო აღჭურვილობა, - აღნიშნულია განცხადებაში.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან შაბათს გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი