გიორგი შაქარაშვილის საქმიდან გამქრალი სოციალური ქსელის "ინსტაგრამის" მიმოწერა - სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მთავარი ფიგურანტების ის გზავნილები აღადგინა, რომელიც ტრაგედიის ღამით თარიღდება და მოგვიანებით, ახალგაზრდებმა ინსტაგრამიდან წაშალეს. ამ მიმოწერაში აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე არასრულწლოვანი ფიგურირებს. ახალი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ არასრულწლოვანი მეგობარს შურისძიებაზე ესაუბრება და მკვლელობით ემუქრება ახალგაზრდებს, ვინც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სწორედ ამ მიმოწერის გამო გამოკითხეს 21 ივლისს არასრულოვანი საგამოძიებო უწყებაში, თუმცა გზავნილების შინაარსი გამქრალია არა მხოლოდ "ინსტაგრამიდან", არამედ საქმის მთავარ ფიგურანტს ის აღარც ახსოვს.
ამ მიმოწერაში არასრულწლოვანი ნ.ხ. ესაუბრება ნიკა ნათენაძეს და მიუთითებს პირებზე, რომლებმაც ის სცემეს, "მე ამათმა გამდოლეს", ამბობს ის. არასრულწლოვნის თქმით, მას თავი ჰქონდა გატეხილი და 4 კოპი ეჯდა. ის ამბობს, რომ რაგბისტი ადგილზე არავინ უნახავს. არასრუწლოვანის თქმით, ის გაბოროტებულია და არავის შეარჩენს ამ დაზიანებებს.
სავარაუდოდ, სწორედ ამ შინაარსის გამო გადაწყვიტა არასრულწლოვანმა მიმოწერის წაშლა. ის საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერმე იყო გამოკითხული, მათ შორის, ამ მიმოწერასთან დაკავშირებითაც, თუმცა არასრულწლოვანი ამბობს, რომ არც მიმოწერის შინაარსი ახსოვს და არც ის, ვის სწერდა. აღნიშნული მიმოწერის არსებობა პოლიციასთან საუბრისას ნ.ხ.-მ სრულად უარყო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ვახტანგ ახვლედიანისა და რამდენიმე მოწმის, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნის გამოკითხვა პოლიციაში.
გუშინ, 22 ივლისის ასევე ცნობილი გახდა დამატებითი ინფორმაცია ანა გაბეჩავას მიმოწერიდან სხვადასხვა ადამიანებთან, სადაც ის ცდილობს გაარკვიოს, რა შეემთხვა გიორგი შაქარაშვილს საბედისწერო ღამეს.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.