
ბადრი ესებუას გუშინ წარდგენილ ახალ ბრალზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა აღარ შეუფარდა, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ესებუა უკვე პატიმრობაშია, მისი მხრიდან ხელახალი დანაშაულისა და მიმალვის საფრთხე არ არსებობს და შესაბამისად, ჩათვალა, რომ უკვე პატიმრობაში მყოფი პირისთვის ხელახლა პატიმრობის გამოყენების საჭიროება აღარ არსებობს.
თავად ესებუა პროცესს დისტანციურად ჩაერთო, რადგან ის ბათუმის ციხეშია გადაყვანილი.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2023 წლის 30 მარტს ჩაინიშნა.
ესებუას კიდევ ერთი ბრალი - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტზე წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრის და იქ მყოფი პირების მძევლად აყვანის სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილს, რომელიც პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავა, დაკავებისას მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოაჩნდა.