
ფაქტიური საცხოვრებელი რომ არ მაქვს ესეც დანაშაულია ალბათ, ჩემი სახლი რომ არ მაქვს... - ბადრი ესებუამ პირველი განცხადება მისივე სასამართლო პროცესზე გააკეთა, სადაც მისთვის ახალ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობდნენ. ესებუა სხდომას ბათუმის ციხიდან, დისტანციურად ერთვებოდა.
"მე მინდა, რომ სასამართლო სხდომაზე ვიმყოფებოდე და არა აქედან, სკაიპით. ვერ დავიცავ ვერანაირად თავს, ძლივს მესმის ხმა თქვენი. უბრალოდ, აზრი არ აქვს ასე საუბარს. ადვოკატის საუბარი კი მესმოდა მაგრამ...
ფაქტიური საცხოვრებელი რომ არ მაქვს ესეც დანაშაულია ალბათ, ჩემი სახლი რომ არ მაქვს..." თქვა არაერთ მძიმე დანაშაულებში ბრალდებულმა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ კი ახალ ბრალზე, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას გულისხმობს, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და ესებუას პატიმრობა იმ მოტივით არ შეუფარდა, რომ ის ისედაც პატიმრობაშია.