
ერთობლივმა საგამოძიებო გუნდმა დაადგინა, რომ არსებობს „დამაჯერებელი საფუძველი“ იმის სავარაუდოდ, რომ იარაღი, რომელიც 2014 წელს უკრაინის ცაში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებისას გამოიყენეს, დონბასის სეპარატისტებს ვლადიმერ პუტინის პირადი ბრძანებით გადაეცა. ამის შესახებ პროკურატურამ ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საგამოძიებო ჯგუფი თვლის, რომ პუტინის როლის შესახებ ინფორმაცია 2014 წლის ივნისში შემდგარი სატელეფონო საუბრებიდან ჩანს.
„ჩაწერილ სატელეფონო საუბრებში რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამხედრო მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს“, - განაცხადა ერთ-ერთმა გამომძიებელმა.
პრესკონფერენციაზე რამდენიმე ჩანაწერის დემონსტრირება მოახდინეს და ერთ-ერთ მათგანში პრეზიდენტი პუტინი პირადად ესაუბრება ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის "მეთაურ" პლოტნიცკის.
თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა, ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა.
საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაასკვნა, რომ თვითმფრინავი ბუკის საზენიტო სარაკეტო სისტემიდან ჩამოაგდეს, რომელიც კურსკში დისლოცირებულ რუსეთის შეიარაღებული ძალების 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას ეკუთვნის.
გასული წლის 17 ნოემბერს, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა, რომლის თანახმად, დადგინდა, რომ ბოინგი რუსული რაკეტით ჩამოაგდეს, ასევე დამნაშავედ ცნეს, 2 რუსი და უკრაინის 1 მოქალაქე, ხოლო, სამ ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.