
ჩვენი საინვესტიციო იმიჯი იმდენად მყარია, რომ მას სერიოზული გაფრთხილება სჭირდება - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, კომპანია "ფრონტერასთან" არსებული ხელშეკრულების შესახებ გააკეთა. თურნავა ამბობს, რომ მთავრობას ჰქონდა საფუძველი, „ფრონტერასთან“ კონტრაქტი სრულად მოეშალა. თუმცა კომპანიას საქართველოში 1%-ის ფარგლებში სამუშაოების გაგრძელების უფლება დაუტოვა.
ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე საუბრობს დავით ზალკალიანიც. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისთვის "ფრონტერას" თემა მნიშვნელოვანი არ არის და შეერთებული შტატების კონგრესში გაკეთებული განცხადებები მხოლოდ კომპანიის ლობისტების დამსახურებაა.
ფრონტერასთან დაკავშირებული საკითხი არასდროს ყოფილა განხილვის თემა და მას არ ჰქონია ისეთი დიდი მნიშვნელობა მინიჭებული, როგორსაც ამის წარმოჩენას ცდილობდნენ ფრონტერას მესვეურები. იმისთვის, რომ ჩვეულებრივი, რუტინული კომერციული დავა არ გამხდარიყო სახელმწიფოთა შორის ურთიერთობისთვის დამაზიანებელი, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, - აცხადებს ზალკალიანი.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ჰააგის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სარჩელი "ფრონტერას" წინააღმდეგ უმეტეს ნაწილში დააკმაყოფილა, ხოლო კომპანია აცხადებს, რომ ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ტრიბუნალის გადაწყვეტილების რეალური შედეგების დამალვას ცდილობს.
კომპანია "ფრონტერასა" და საქართველოს მთავრობას შორის არსებული დავის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.