საგანგებო ბრიფინგი შსს-ში - თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი ოფიციალური განცხადება თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვაზე - უწყების ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე საგანგებო ბრიფინგზე ამბობს, რომ 23 წლის პროგრამისტის დაკარგვასთან დაკავშირებით შსს-ს 18 ივლისის საღამოს მიმართეს, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალის ძებნა დაუყოვნებლივ დაიწყო. 

მიმდინარეობდა ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები. ფოტოსურათი გაიგზავნა ყველგან და ძებნაზე გადაეცა მისი მანქანა. ბოლოს ის სოფელ ხაიშის კამერაზე დაფიქსირდა, სადაც ჩანს რომ მანქანას თავად მართავდა. სამძებრო სამუშაოები ხაიშის ტერიტორიაზე გაგრძელდა, გამოიკითხნენ ადგილობრივებიც, - ამბობს ჭელიძე.

მისივე თქმით, პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება. 

ჭელიძე ამბობს იმასაც, რომ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხნენ როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები, ისე თანამშრომლები და მეზობლები. გამოკითხულია 23 წლის ქალის ფსიქოლოგიც, თუმცა შსს-ში გამოკითხვის დეტალებზე არ საუბრობენ. 

აღსანიშნავია, რომ შსს-ში ამბობენ, რომ დაღუპულის ავტომობილიდან ამოიღეს წერილიც, სადაც მისი კუთვნილი ანაბრის გამოყენებაზეა საუბარი. თუმცა, გუშინ, ამ საკითხზე ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ თამარის საფულეში იპოვეს ყოველდღიური ჩანაწერები და არა წერილი.

მიხეილ ჭელიძის თქმითვე, შეკითხვები დაისვა ბაჩალიაშვილის სამსახურთან დაკავშირებით. შსს-ში განმარტავენ, რომ დაღუპულის სამსახურიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და უკვე დაიკითხნენ კომპანიის როგორც თანამშრომლები, ისე მენეჯმენტი. "ამ კუთხითაც ვიკვლევთ რამე კავშირი აქვს თუ არა მის სამსახურს გარდაცვალებასთან".

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, ორი დღის წინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ, პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ ახალგაზრდა ქალის გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი