
სახალხო დამცველის შუამავლობით შექმნილი ექიმთა კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ ამ კვირაში მოინახულებს. ამის შესახებ ექიმმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რომელ დღეს შევლენ ექიმები კლინიკა "ვივა მედში".
როგორც გრიგოლიამ თქვა, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ექიმთა კონსილიუმი ახალ დასკვნას მოამზადებს.
"[CNN-ის] ამ კადრების საფუძველზე გვინდა, რომ კიდევ ერთხელ ვნახოთ. თვითონ მიხეილ სააკაშვილსაც მოუთხოვია, აღარ უშვებენ არავისო. ზეპირი მოლაპარაკება გვქონდა, ალბათ ამ კვირაში რომელიმე დღეს შევალთ, მაგრამ დღე ზუსტად არ ვიცით. თუ შევალთ და გავსინჯავთ, რა თქმა უნდა, [ახალი დასკვნა მომზადდება] ჩვენი ყველა ვიზიტის შემდეგ, დასკვნა იდება ხოლმე. ჩვენ ბოლოს ვიყავით 4 დეკემბერს, ორ თვეზე მეტია გასული, ტელეფონით ნანახს და ტელევიზორში ნანახს...ყველაზე კარგია, როცა ფიზიკურად ნახავ და შეადარებ იმას რა იყო 4 დეკემბერს. უარესი მდგომარეობაა, წონაც მოკლებულია, რასაც ვხედავთ ეს არის, თუმცა კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით", - თქვა გიორგი გრიგოლიამ.
ცნობისთვის, ომბუდსმენის ექიმთა კონსილიუმის კლინიკაში შესვლასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატს თავად მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.
ასევე შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს CNN-მა კლინიკა "ვივა მედიდან" კადრები გაავრცელა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის რამდენიმე ეპიზოდი ჩანს. კადრები მედიას სააკაშვილის ამერიკელმა უფლებადამცველმა მიაწოდა.