გახარია აღიარებს, რომ გამოძიებას პრობლემები აქვს, ოპოზიცია კი შს მინისტრის გადადგომას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრით დაიწყო. საგანგებო დავალება იქვე მისცა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და გაურკვეველ ვითარებაში დაღუპულ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, მოქალაქეების პროაქტიული ინფორმირება დაავალა. გიორგი გახარიამ დღეს ირიბად გააკრიტიკა მინისტრი გომელაური და აღიარა, რომ ქვეყანაში გამოძიებას პრობლემები აქვს. 

ვახტანგ გომელაური პრემიერმინისტრის ამ განცხადებასა და დავალებებს მთავრობის სხდომაზე პირადად ისმენდა. თუმცა, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა მაინც დუმილი არჩია და სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კითხვებზე საპასუხოდ არ ჩავიდა.

პირველი პოლიციელის ასეთი დამოკიდებულება არ უკვირთ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ გიორგი გახარიას ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი არ ემორჩილება და ანგარიშვალდებულიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთანაა. წახალისებულ კრიმინალსა და მძიმე კრიმინოგენულ მდგომარეობაზე ოპონენტები სრულ პასუხისმგებლობას "ოცნების" თავმჯდომარეს აკისრებენ, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრმა ფორმალურად მაინც უნდა აიღოს და პოსტი დატოვოს. 

ბოლო თვეების გახმაურებული საქმეები და ბურუსით მოცული მკვლელობები, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა და ყველას ტრაგედიად გადაიქცა. ასეთი მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობის მიუხედავად, უმრავლესობა ძალოვანი უწყებებში სისტემურ პრობლემას ვერ ხედავს. ამბობენ, რომ ოპოზიცია გახმაურებულ საქმეებს მაშველ რგოლად იყენებს. ოპონენტების მხრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება კი "ოცნებისთვის" მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. 

ოპონენტებმა დღეს "ოცნებას" ურჩიეს, რომ თავდასხმებისა და კრიტიკის ნაცვლად, უარი თქვან კრიმინლთან გარიგებაზე. მათი თქმით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან ღიად თანამშრომლობა "ოცნების" შეგნებული არჩევანია და მმართველი პარტიის ეს გადამწყვეტილება ახლა მოსახლეობას მძიმედ უბრუნდება. 

"ქართული ოცნება" ოპოზიციის არგუმენტს სისტემურ პრობლემებზე საერთოდ არ იზიარებს. გზავნილი შინაგან საქმეთა მინისტრივით ყველას ერთი აქვს - საზოგადოება გამოძიებისა და ექსპერტიზის შედეგებს უნდა დაელოდოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი