
"მთავარმა არხმა" 13 თებერვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი ახალი კადრები გაასაჯაროვა. კადრები პალატაში, სათვალთვალო კამერის მიერ 2022 წლის ოქტომბერშია ჩაწერილი და მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობას ასახავს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს სასამართლოს განჩინება უკვე გადაეცათ. უფლებადამცველები 35-გვერდიან დოკუმენტს გაეცნობიან და მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილებას კვირის ბოლოსთვის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
"ისეთი რამეებია ნახსენები განჩინებაში, რომელიც საერთოდ სასამართლო პროცესზე არ გაჟღერებულა და გადმოტანილია ტელევიზიაში პროპაგანდისტების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, და ამიტომ იქნება გასაჩივრებული. დაველოდებით სააპელაციო სასამართლოს სხდომას, არ გამოვრიცხავთ, რომ სააპელაციოს ვთხოვოთ გასვლითი სხდომები. მოსამართლეს როდესაც გამოჰქონდა ეს განჩინება ვიდეო კადრები არ არსებობდა, თუმცა ყველამ დავინახეთ რასაც ჩვენ სასამართლო პროცესზე ვლაპარაკობდით დოკუმენტურად არის ასახული იმ კადრებში, რომელიც ვრცელდება", - თქვა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მესმაე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილი ახლა 67 კილოგრამს იწონის და მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.