რვაპუნქტიან დასკვნაში დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მნიშვნელოვან ფაქტებზე საუბრობს. დოკუმენტის მეხუთე პუნქტში წერია, რომ ექსპერტიზა თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე დაგვიანებით ჩატარდა, რამაც ხელი შეუშალა სპეციალისტებს გაერკვიათ, იყო თუ არა ზედაპირული დაზიანებები დაღუპული ქალის სხეულზე. შესაბამისად, წინასწარი შესაწავლით იმის დადგენა, რამ გამოიწვია გარდაცვალება, შეუძლებელი აღმოჩნდა. ერთადერთი რაც ცნობილია, სამედიცინო ექსპერტიზა ამბობს, რომ 23 წლის ახალგაზრდა ქალს ძვლებზე დაზიანებები არ აქვს.
დამოუკიდებელი ექსპერტი გალინა კარმუშინა თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზას 8 საათის განმავლობაში ატარებდა, მისი მონაყოლიდან ირკვევა, რომ დასკვნის გაკეთება პროცესის დაგვიანების გამო რთულია და ახლა მხოლოდ ღრმა და კომპლექსური ექსპერტიზის შედეგად უნდა დადგინდეს, რა გახდა ახალგაზრდა ქალის სიკვდილის მიზეზი. სამედიცინო ექსპერტი ამბობს, რომ ცხედრის პოვნა რომ არ დაგვიანებულიყო, ადვილად იქნებოდა შესაძლებელი იმის გაგება, ხომ არ ჰქონდა ფიზიკური ზეწოლის შედეგად რაიმე სისხლცაქცევა ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიყენებული თამარ ბაჩალიაშვილს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღძრა, თუმცა გამოძიებამ უკვე დაიწყო საუბარი, რომ ახალგაზრდა ქალს ფსიქოლოგი ჰყავდა და გაუჩნარების დღეს აფთიაქში პრეპარატებიც იყიდა. იყო თუ არა ეს ის წამლები ის, რაც გოგონას ჩანთაში ჰქონდა და არის თუ არა ორგანიზმში მედიკამენტების კვალი, ამას უკვე კომპლექსური ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა დაადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებების შემდეგ დაზარალებულ მხარეს კიდევ უფრო მეტი შეკითხვა დაუგროვდა. გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი მთელ რიგ უზუსტობაზე საუბრობს, რომელიც საგამოძიებო უწყების მხრიდან ფიქსირდება. მიხეილ რამიშვილისთვის ახლა მთავარი მიზანი გარდაცვალების მიზეზის დადგენაა. ოფიციალური ვერსიის, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა, არც ოჯახს და არც მათ უფლებადამცველს არ სჯერა.
თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ჯერ მხოლოდ წინასწარი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა, კვლევის ძირითადი შედეგები კი დაახლოებით ერთ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნით უნდა გაირკვეს რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, ასევე უნდა დადგინდეს გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩნდება თუ არა იმ მედიკამენტები რომელიც შემთხვევის ადგილას ბაჩალიაშვილის მანქანაშია აღმოჩენილი.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, ორი დღის წინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ, პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ ახალგაზრდა ქალის გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს.