
ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს სასჯელი გაუუქმა და საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცა. სასამართლომ ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო საქმე ქვედა ინსტანციას ხელახლა განსახილველად გადაუგზავნა.
ყოფილ პრეზიდენტს 2020 წლის ზაფხულში 11 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა "კანონიერი ქურდის" აზიზ ბატუკაევის ციხიდან უკანონოდ გათავისუფლების საქმეზე. ყოფილი პრეზიდენტი სასჯელს კოლონიაში იხდიდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ ის უკვე თავისუფალია.
სოციალ-დემოკრატების პარტიის თავმჯდომარემ, თემირლან სულთანბეკოვმა განაცხადა, რომ მას ორი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რის შემდეგაც ყოფილ პრეზიდენტს მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსის გავლა მოუწევს.
ატამბაევი პრეზიდენტის თანამდებობას 2011-2017 წლებში იკავებდა. ის ამჟამად 66 წლისაა.