წარმოგიდგენიათ ხელი რომ მომეწერა და „ინტერ რაოს“ მიეღო $200 მლნ, რა მოხდებოდა? - კალაძე წაგებულ დავაზე

გამოქვეყნდა:

"ინტერ რაოსთან“ წაგებული სასამართლო დავის მიუხედავად, მერი კალაძე ამტკიცებს, რომ  ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს თანხა დაუზოგა.

"პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ტარიფების შემცირება, რომლითაც ისარგებლა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით, დედაქალაქის მოსახლეობამ. როდესაც ქვეყანაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ კომპანია „ენერგო პროს“, რომელიც ასევე ჩართული იყო ტარიფების შემცირების პროცესში. 

რაც შეეხება წარმოშობილ დავას, „ინტერ რაო“ ითხოვდა დაახლოებით, 200 მლნ დოლარს, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო გაცილებით ნაკლები თანხა, ვიდრე ისინი მოითხოვდნენ. წარმოგიდგენიათ, ხელი რომ მომეწერა, იმაზე, რომ „ინტერ რაოს“ მიეღო 200 მლნ დოლარი, რა მოხდებოდა და რას დამატეხდნენ თავს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვფიქრობდით, რომ არ ეკუთვნოდა ამ კომპანიას 200 მილიონი და პირდაპირ ვუთხარით, რომ ვიდავებდით. შესაბამისად, მოხდა არბიტრაჟში განხილვა და 200 მლნ-ს ნაცვლად დაგვეკისრა გაცილებით ნაკლები. თავის დროზე მე არ მივეცი ჩემს თავს უფლება და ვერცერთი ჩემი თანამშრომელი ვერ გაბედავდა იმას, რომ დავთანხმებოდით „ინტერ რაოს“ მოთხოვნას“. - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, კალაძის ენერგეტიკის მინისტრობისას ჩაშლილი ხელშეკრულების გამო, საქართველომ რუსეთს 76 მლნ დოლარი  უნდა გადაუხადოს

საქართველოსა და „ინტერ რაოს„  ექვსწლიანი დავა საერთაშორისო არბიტრაჟში რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. 

ხელშეკრულება 2012 წელს, სწორედ კალაძის მინისტრობისას დაირღვა.

ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს ეკისრებოდა ვალდებულება, რომ 15 წლის მანძილზე ელექტრო ენერგიის ტარიფი არ უნდა შემცირებულიყო, შესაბამისად კომპანია გააკეთებდა საქართველოში 190 მილიონი დოლარის ინვესტიციას და ააშენებდა სამ ჰიდროელექტრო სადგურს.

თავდაპირველად,  „ინტერრაო“ 200 მილიონი აშშ დოლარის კომპენსაციას ითხოვდა.

2021 წელს სტოკჰოლმის სასამართლომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და რუსული ენერგოკომპანიის სასარგებლოდ 80.5 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა დაავალა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ გაასაჩივრა. საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდებოდა. გუშინ კი, ცნობილი გახდა, რომ  საქართველომ ეს დავა კიდევ ერთხელ წააგო და ახლა უკვე ჩვენ ხელისუფლებას საქართველოს ბიუჯეტიდან რუსული კომპანიისთვის 76 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი