საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად იმაზე სუსტ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა, როგორშიც დღესაა. უფლებადამცველის თქმით, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს კვირის ბოლოს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, ხოლო სტრასბურგთან დაკავშირებით ჯერ მიხეილ სააკაშვილთან არ უსაუბრია.
"მდგომარეობა მძიმეა, არის მწოლიარე მდგომარეობაში, ძალიან სუსტ მდგომარეობაში, იმდენად სუსტი, რომ ასეთი სუსტი მდგომარეობა მაგას ამდენ ხანს არ ჰქონია. მე გამოვთქვი ჩემი აღშფოთება ამ განჩინების უკანონობასთან დაკავშირებით და თვითონ მითხრა, ნუ რას ელოდები ახლა, შენ რა მოგივიდაო.
ჯერ არ ყოფილა სტრასბურგზე საუბარი, ჯერ ვიმსჯელეთ სააპელაციო საჩივარზე, მე ვუთხარი, რომ მზადდება სააპელაციო საჩივარი და კვირის ბოლოს შევა სასამართლოში", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ამბობს, რომ სააპელაციოში გასაგზავნ სარჩელს დაურთავენ იმ ვიდეო კადრებსაც, რომელებიც განაჩენის გამოტანის შემდეგ მედიაში გავრცელდა. იხილეთ: