"ქველმოქმედზე გვეუბნებიან, რომ უნდა დასანქცირდეს... რეზოლუციას ფასი არ აქვს" | კალაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას "არანაირი ფასი არ აქვს". კალაძის თქმით, რეზოლუცია "კრიმინალების ლობისტებმა შეიმუშავეს".

"არანაირი ფასი არ აქვს ამ რეზოლუციას და ავხსნი რატომაც: როდესაც რეზოლუციაში საუბარი, მოწოდებებია სიცრუეზე, არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული განცხადებებით, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ღირებული დოკუმენტი. დოკუმენტი, რომელშიც საუბარია კრიმინალის პირდაპირ მფარველობაზე, თავისი ლობისტების მხრიდან. ვერ იქნება ეს ღირებული დოკუმენტი, როცა მეცენატზე, ქველმოქმედზე გვეუბნებიან, რომ უნდა დასანქცირდეს.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ 12-პუნქტიანი გეგმა შეასრულეთ, მიიღებთ სტატუსს და გამოდის მეორე მხრიდან ვიღაც კუბილიუსი და გეუბნება იმას, რომ შენ თუ კრიმინალს არ გაათავისუფლებ, ვერ მიიღებ ამ სტატუსს. მე ვეკითხები ძალიან მარტივ ენაზე ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს, ეს დამოკიდებულება, ეს განცხადებები, რამდენად მისაღებია ჩვენთვის", - თქვა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ" რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რეზოლუციას მხარი 577-მა დეპუტატმა დაუჭირა 33 კი წინააღმდეგი იყო. ევროდეპუტატი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი. ამავე რეზოლუციას დაემატა შესწორება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ. მასში ივანიშვილი "ოლიგარქად" არის მოხსენიებული და აღნიშნულია, რომ "ივანიშვილის როლი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში, მისი პირადი ვენდეტის ნაწილია". ევროპარლამენტარი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი