"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ყველაფერი,რათა დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ღირსება" - ამბობს ევროპარლამენტარი მარია კალიურანდი "მთავარ არხთან" საუბარში.
მისი თქმით, თუ მესამე პრეზიდენტს მისცემენ საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას, ეს ნამდვილად შეამცირებს პოლარიზაციას ქვეყანაში.
"ამ რეზოლუციას მხარს უჭერს ყველა პოლიტიკური პარტია, ამიტომ მიიღეს უდიდესი უმრავლესობით, თუმცა იყო ერთი შესწორება, რომელიც ეხებოდა ბატონ ივანიშვილს და რომელსაც მხარი ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა არ დაუჭირა. ზოგადად რეზოლუციაში ახალი არაფერია, ჩვენ რამდენჯერმე გამოგვითქვამს შეშფოთება ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ მდგომარეობაზე, ჩვენ არ გვინდა, რომ ეს საკითხი პოლიტიკური პოლარიზაციის გამომწვევი იყოს საქართველოს საზოგადოებაში. ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს პუნქტი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ პატიმარი გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს ეს ყველაფერი,რათა დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ღირსება და ა.შ", - ამბობს კალიურანდი
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი რეზოლუცია ევროპელმა დეპუტატებმა გუშინ, 15 თებერვალს, 577 ხმით მიიღეს.
ევროპარლამენტარები ამავე რეზოლუციაში მხარს უჭერენ ივანიშვილის დასანქცირებას და მას ოლიგარქად მოიხსენიებენ.