სამხედრო ბაზიდან გაჰქონდათ და შავ ბაზარზე ყიდდნენ იარაღის ვაზნებს. უკანონობას რეგულარული ხასიათი ჰქონდა და გაჩიანის სამხედრო ბაზიდან საბრძოლო მასალა თვეების განმავლობაში გამოდიოდა. სამხედრო პოლიციას საქმეში ბრალდებულიც ჰყავს. ის გიორგი გიქორიშვილია, რომელიც წლებია მოქმედი სამხედროა და გაჩიანის ბაზაზეც დიდი ხანი მსახურობდა.
ჩნდება კითხვა - როგორ შეძლებდა მხოლოდ 1 ჯარისკაცი ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტიდან საბრძოლო მასალის გამოტანას ისე, რომ ეს არავის შეემჩნია. საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის ბაზა უსაფრთხოების თანამედროვე და მაღალი სტანდარტებით არის დაცული. დაცვის სამსახურთან ერთად შენობებზე 24 საათიანი ვიდეო კონტროლია დაწესებული. ამიტომ ამ ჩაკეტილ სისტემაში, რომ გიქორიშვილი სამხედრო მასალის მარტო გამოტანას მარტო ვერ შეძლებდა და მას თანამზრახველები დასჭირდებოდა, ეს ლოგიკაში ნამდვილად ჯდება. კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ამბავი იცის თავდაცვის სამინისტრომ. უწყებამ "მთავარი არხის" შეკითხვის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა.
სამინისტრომ დღეს უკვე ვეღარ დამალა ფაქტი, რომელიც სისტემურ დანაშაულს ამხელს. გაჩიანაში, თავდაცვის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის ბატალიონში მოხდა. საქმე ეხება ბაზიდან ტყვია-წამლის უკანონოდ გაყიდვას. გიორგი გიქორაშვილი, პირი, რომელიც ვაზნებს ყიდდა, მართალია სამხედრო პოლიციამ დააკავა, თუმცა, ამის შესახებ სამინისტროს ინფორმაცია მთავარი არხის მიერ თემის დაინტერესებამდე არ გაუვრცელებია. ჯუანშერ ბურჭულაძის უწყება განმარტავს, რომ დაკავებული ვაზნებს სამონადირეო მიზნით ყიდდა და რომ ეს ფაქტი ცალკეული შემთხვევაა, თუმცა ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ დანაშაულს სისტემური ხასიათი აქვს და მხოლოდ ერთი, კონკრეტული სამხედრო მოსამსახურე მფარველებისა და თანამზრახველების გარეშე ამ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა.