მიუნხენის უსაფრთხოების ტრიბუნაც კი საქართველოს პრემიერმა პოლიტიკური ჭორაობისა და მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტული დისკრედიტაციისთვის გამოიყენა. თუმცა დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა რომ რთულია, დღეს კიდევ ერთხელ თქვეს სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებმა, რომლებმაც სააკაშვილი "ვივა მედში" მოინახულეს. დეტალურ დასკვნას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ.
მანამდე კი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე ევროპარლამენტმა ისტორიული რეზოლუცია მიიღო. ევროპის მთავარი პოლიტიკური ინსტიტუციიდან 577-მდა დეპუტატმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მიეცეს მას მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელების საშუალება.
რეზოლუციაში შესული შესწორებით კი პარლამენტმა მოუწოდა ევროკომისიას, განიხილოს ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაკისრების საკითხი. ეს კი სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობაა საქართველოსთვის, რომლის ხელისუფალი ჯიუტად აგრძელებს ძალიან სახიფათო პოლიტიკურ შურისძიებას მესამე პრეზიდენტის მიმართ.