
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, ამერიკული კანონის მოდიფიცირებული ვერსიაა და რომ თავად ამერიკული კანონი არაა თავსებადი ადამიანის უფლებების სტანდარტებთან.
ირაკლი კობახიძეს აღნიშნული კომენტარი კრიტიკულ მედიებთან არ გაუკეთებია და ციტატას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოში ამერიკული კანონის ასლის მიღება მიუღებელი იქნებოდა, ხოლო პარტია იმსჯელებს, დაუჭირონ თუ არა მხარი "ხალხის ძალის" კანონპროექტს.
"ამ კვირაში ჯერ არ გამოდის ეს საკითხი სესიაზე, ალბათ ორ კვირაში გამოვა, მანამდე ჩვენ გვექნება კონსულტაციები, შევხვდებით „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს, ასევე, უმრავლესობის ფორმატში გვექნება კონსულტაციები და უახლესი ორი კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება ჩვენი პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. პირველად სურათს რაც შეეხება, ჩვენ წინასწარაც გვქონდა გარკვეული კონსულტაციები, მაგალითად, თავის დროზე „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა დააკოპირეს ამერიკული კანონი და ჩვენ გვკითხეს რჩევა, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ასეთი კანონის მიღება საქართველოში, რაზეც გვქონდა პრინციპული პოზიცია, ამერიკული კანონი არ არის თავსებადი რეალურად ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, აქედან გამომდინარე, ამ კანონის ასლის მიღება საქართველოში იქნებოდა აბსოლუტურად მიუღებელი, შესაბამისად, მათ ჩამოაყალიბეს ისეთი კანონპროექტი, რომელიც არის არა ამერიკულის ასლი, არამედ არის მისი მოდიფიცირებული ვერსია. არსებითად რაც წარმოდგენილია კანონპროექტში, ის ეხება გამჭვირვალობას, ადგენს შესაბამისი ორგანიზაციების გამჭვირვალობის წესს, ბუნებრივია, გამჭვირვალობაში პრობლემას ვერავინ დაინახავს, რომც მოუნდეს ამ პრობლემის დანახვა, დანარჩენ დეტალებზე მსჯელობა გვექნება", - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, 14 თებერვალს "ხალხის ძალამ" განაცხადა, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. კანონი საზღვარგარეთიდან შემოსული დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათი მტკიცებით, კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით შეადგინეს და სხვა დემოკრატიული ქვეყნების "საუკეთესო პრაქტიკაც" გაითვალისწინეს. იხილეთ: