
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელ სენატორებთან ჯინ შაჰინთან და დიკ დურბინთან შეხვედრისას ევროინტეგრაცია, უკრაინაში მიმდინარე ომი და შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო განიხილა.
უწყების ცნობით, სენატორებმა აღნიშნეს, რომ აფასებენ საქართველოს პრეზიდენტის როლსა და პოზიციას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.
"ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რადგან ის 30 წლის განმავლობაში, სწორედ ევროპულ ღირებულებებს ემსახურება.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და საქართველოს მეორე უარი არ უნდა ეთქვას", - წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საკითხი მხოლოდ რუსეთს აწყობს, რომელმაც არამხოლოდ 2008 წლის აგვისტოში განახორციელა საქართველოზე აგრესია, არამედ უკვე მეორე საუკუნეა ახორციელებს მას.