"შემთხვევით არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთ სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა. უდავოდ, ძლიერ დემოკრატიას მოაქვს კეთილდღეობა და უსაფრთხოება. მაგრამ, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე დემოკრატიას წარმატების იმედი არ აქვს" - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. უწყება აქვეყნებს ამერიკელ სენატორებთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის ფოტოსაც.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ გააგრძელებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და მათთან თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტების გასაძლიერებლად.
"შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და მათთან თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტების გასაძლიერებლად. საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რომ მიაღწიოს უფრო უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავლის მიზანს - ეს არის ის, რაც საქართველოს მოქალაქეებს სურთ და რასაც ისინი იმსახურებენ", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდნენ.
შეხვედრაზე ასევე მოწვეული იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი. მისი თქმით, შეხვედრას ის ესწრებოდა როგორც ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი და არა როგორც ივანიშვილის ადვოკატი - შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბარი არ ყოფილა.
საუბრის ძირითადი თემა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები იყო. მხარეებმა განიხილეს არსებული სიტუაცია და იმსჯელეს იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ უსაფრთხოების უფრო მეტი გარანტიები მიიღოს.
მანამდე სენატორები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.