"ლელოს" ლიდერები უკრაინაში გაემგზავრნენ

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები უკრაინაში გაემგზავრნენ. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაცია, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, გრიგოლ გეგელიასა და სალომე სამადაშვილის შემადგენლობით, ომში მყოფ ქვეყანაში სწორედ უკრაინის ხელისუფლების მიწვევით გაემგზავრა. 

ცნობილია, რომ პარტიის დელეგაცია დაესწრება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების 1 წლისთავისადმი მიძღვნილ რადას საგანგებო სხდომას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური დელეგაციები მთელი მსოფლიოდან.

"ლელოს" ლიდერები 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ რადაში, სადაც შეხვდებიან უკრაინის მმართველი პარტიისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან. ასევე, ისინი შეხვედრებს გამართავენ როგორც უკრაინის, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან.

პარტიის გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რადას მიერ 24 თბერვალს ორგანიზებული შეხვედრები კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება უკრაინის მიმართ სრული მხარდაჭერის დასადასტურებლად.

"მივემგზავრებით კიევში, რომ რუსული აგრესიის 1 წლის თავზე, ჩვენი სრული თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავგანწირულად იბრძვიან თავისი და ჩვენი თავისუფლებისთვის.

უმაღლესი რადას მიერ 24 თებერვალს ორგანიზებული შეხვედრები კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება ჩვენი სრული მხარდაჭერის დასადასტურებლად.

ასევე, გვექნება შეხვედრები უკრაინულ პოლიტიკურ პარტიებთან და კიევის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. უკრაინელ მეგობრებთან ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ მათ მაქსიმალურად.

ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ქართველი ხალხი, თავისუფლებისთვის ბრძოლაში, უკრაინის გვერდითაა", - წერს ბადრი ჯაფარიძე. 

მანამდე, ვიდეომიმართვა გაავრცელა პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ. მისი განცხადებით, 
"ქართველი ხალხი არის უკრაინელების გვერდით".

შარშან 24 თებერვალს დაიწყო დიდი ომი რეგიონში. რუსეთის ჯარებმა გადაწყვიტეს, რომ დაეპყროთ უკრაინა. ერთი წელი გავიდა და ომის სცენარი სრულიად შეიცვალა. ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ეს არის ომი და ბრძოლა უკრაინელი ხალხისთვის, მათი თავისუფლებისთვის, მათი ოჯახებისთვის და მათი ერთიანი სახელმწიფოსთვის. 

უკრაინის ბრძოლა არის ბრძოლა საქართველოსთვის, იმიტომ რომ დღეს წყდება თავისუფლების და დემოკრატიის ბედი არამარტო უკრაინაში, არამარტო საქართველოში, არამედ, ვიტყოდი, რომ მთელ ევროპაში და მთელ მსოფლიოში. 

მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, მივემგზავრები უკრაინაში, რათა ერთი წლის თავზე დავდგე ჩემი უკრაინელი მეგობრების გვერდში, გამოვუცხადო სოლიდარობა, ჩავუტანო ჰუმანიტარული დახმარება და კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ქართველი ხალხი არის ჩვენი უკრაინელი ძმების და დების გვერდში. 

ამ ომში გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს ვაჟკაცობა და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება ის სანუკვარი ოცნება, რომელიც არამარტო უკრაინელებს, არამედ ქართველებსაც გვაქვს - ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და გამთლიანება. Слава Україні! Героям слава!, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი