მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილება მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, გიორგი არევაძის განაჩენი დაუსაბუთებელია.
ადვოკატი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას და საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას მისცემს.
მისივე ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებები იქნება წარდგენილი და ამასთან ერთად, არ არის გამორიცხული, რომ ის ექიმებიც დაიბარონ, რომელთა დაკითხვაც საქალაქო სასამართლოში ვერ მოხერხდა.
"სააპელაციო სასამართლოში იქნება წარდგენილი ვიდეოდისკები, რომლებიც გამოქვეყნდა და გვაქვს უკვე ხელს. იქნება ასევე წარმოდგენილი ფორმა 100, რომლის მიხედვითაც, თავად "ვივამედი" ადასტურებს, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, კერძოდ მას აქვს კახექსია. ასევე იქნება წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებები და არ გამოვრიცხავთ, რომ რამდენიმე მოწმე გამოვიძახოთ და დავკითხოთ", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
სააპელაციო სასამართლომ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება ორი კვირის განმავლობაში უნდა მიიღოს.