
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ამერიკის პრეზიდენტთან ერთად "კუბიცკი არკადის" ტერასაზე სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს და ნატო-ს წევრებს გააგრძელონ უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება.
მისი განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ უკრაინა 72 საათში, სამ დღეში დაეცემოდა, თუმცა კიევი არ დაეცა მისი დამცველების, უკრაინელი ჯარისკაცების გმირობისა და იმ მხარდაჭერის წყალობით, რომელსაც თავისუფალი სამყარო მას სთავაზობს.
"დღეს ჩვენ ვუყურებთ ალმოდებულ უკრაინას, მოკლულ ადამიანებს და დანგრეულ ქალაქებს. ჩვენს სამეზობლოში ხდება ის, რაც არ უნდა განმეორდეს. რუსეთს სურს, რომ კვლავ იმპერიად იქცეს, მიაღწიოს თავის ამბიციებს - დაიმონოს სხვა ერები", - თქვა დუდამ.
მისი განცხადებით, კიევში ბაიდენის ვიზიტი იყო განსაკუთრებული ჟესტია უკრაინისადმი, პოლონეთის მოკავშირეებისადმი და ასევე მათ მიმართ, ვინც სუვერენულ ქვეყანას ესხმის თავს.
"მოვუწოდებ ევროპელ ლიდერებს და ნატოს, გამოგზავნონ მხარდაჭერა, რომ მებრძოლებმა ბრძოლა შეძლონ. ნუ ყოყმანობთ, ნუ გეშინიათ. რუსეთთან ბიზნესის კეთების დრო აღარ არის. მასთან, ვინც სისხლს ღვრის, პატიოსანი ადამიანი საქმეს არ იჭერს. ნუ გეშინიათ. ბოროტება უნდა შევაჩეროთ. ჩვენ ვართ და ვიქნებით სოლიდარულები უკრაინისადმი. არ არსებობს თავისუფლება სოლიდარობის გარეშე. გაუმარჯოს თავისუფალ უკრაინას. გაუმარჯოს ალიანსს პოლონეთთან და შეერთებულ შტატებთან. გაუმარჯოს ნატოს. გაუმარჯოს თავისუფალ სამყაროს", - აღნიშნა დუდამ.
მისი თქმით, დღეს მოკავშირეები ამბობენ, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ამიტომ მხარს უჭერენ ომში მყოფ ქვეყანას.