
საქართველოში დაპატიმრებული ყოფილი ლიდერი აცხადებს, რომ ექიმები მის "მოკვლას" ცდილობენ - France24 მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. მედია წერს, რომ მესამე პრეზიდენტის თქმით, მისი მოკვლის შეთქმულებაში მონაწილეობს მმართველი პარტია, პრო-სამთავრობო მედია და ახლა უკვე კლინიკა, რომელშიც მკურნალობას გადის.
მედია წერს, რომ მანამდე ექიმებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა წონის მკვეთრი კლების გამო.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის თქმით, ექიმებმა უარი თქვეს ძირითადი მდგომარეობის მკურნალობაზე, მათ შორის მძიმე ლითონებით მოწამვლისა და ანორექსიის.
France24 წერს, რომ ადვოკატებისა და ექიმების თქმით, სააკაშვილი, რომელიც ოდესღაც მხიარული, სიცოცხლით სავსე პიროვნება იყო, მისი პიროვნების ჩრდილი გახდა. 2021 წელს პატიმრობის შემდეგ მან თითქმის 50 კილოგრამი დაიკლო.
მედია მას პროდასავლელ რეფორმატორად მოიხსენიებს. გამოცემა წერს მკურნალი ექიმის, თამარ დავარაშვილის კომენტარსაც, რომელმა თქვა, რომ "პაციენტის მდგომარეობა რთულდება".
"მისი წონა და სხეულის მასა უკიდურესად დაბალია", - თქვა მან და დასძინა, რომ "შემდეგი ეტაპი შეიძლება იყოს ინტენსიური თერაპიის განყოფილება".
მედიას მოჰყავს ამერიკელი ექიმების დასკვნაც, რომ სააკაშვილს მძიმე ნევროლოგიური, კუჭ-ნაწლავისა და ორთოპედიული დაავადებები აწუხებს და რომ ისინი ამბობენ, რომ ის "აწამეს". ასევე, ამერიკელი ტოქსიკოლოგის დევიდ სმიტის განცხადება, რომ სააკაშვილს პატიმრობაში ყოფნისას მძიმე ლითონებით მოწამვლა ჰქონდა.
მედია წერს, რომ დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას ჰუმანიტარული მიზნით სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ. საქართველოს მთავრობა კიამტკიცებს, რომ სააკაშვილს ადეკვატური ზრუნვა აქვს და მისი უფლებები დაცულია.