რუსეთი და დეზინფორმაციის გამავრცელებელი სხვა აქტორები ცდილობენ გაიმეორონ კრემლის პროპაგანდა, ხელი შეუშალონ ინტეგრაციას - ჰერჩინსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის დაწყებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მიმართვას ავრცელებს. ის კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიმდინარე ომი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ღირებულებებისა და პრინციპების უპრეცედენტო დარღვევაა.

ჰერჩინსკის თქმით, "უკრაინას თავს დაესხნენ, რადგან მას სურდა საკუთარი მომავალი თვითონ, და არა მოსკოვის მითითებით, განესაზღვრა". მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ უდრეკად, ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას ყველა - ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო - ფრონტზე. 

"ეს აგრესია არამარტო  სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მიმართულია დემოკრატიის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. ეს არის საფრთხე ყველა ქვეყნისთვის, რადგან სასწორზეა მათი დამოუკიდებლობა და უფლებამოსილება, გააკეთონ არჩევანი საკუთარი გადაწყვეტილებების საფუძველზე.

ევროკავშირი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს რუსეთის საერთაშორისო დაგმობა და იზოლაცია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ჩვენი ერთობა თანამოაზრე პარტნიორებთან საერთაშორისო ასპარეზზე ურყევია და ერთად ვახორციელებთ უპრეცედენტო ქმედებებს", - ამბობს ჰერჩინსკი. 

მისივე განცხადებით, საქართველო ამ ძალისხმევაში აქტიურად მონაწილეობს და გაეროს გენერალური ასამბლეის ექვსი რეზოლუცია რუსეთის საერთაშორისო დაგმობას და იზოლაციას ადასტურებს. ელჩი აღნიშნავს, რომ რუსეთი და დეზინფორმაციის გამავრცელებელი სხვა აქტორები ცდილობენ საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას, რათა გაიმეორონ კრემლის მხარდამჭერი ნარატივები და პროპაგანდა, ხელი შეუშალონ საქართველოს ინტეგრაციას, განხეთქილება შეიტანონ და სოლიდარობა შეამცირონ

"უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ ყურადღებას არ შეამცირებს. პირიქით, უკრაინაში რუსეთის ომზე ცალსახა და მტკიცე პასუხი უნდა შენარჩუნდეს, რომ აგრესორმა პასუხი აგოს.

საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომელიც საზიარო ევროპული ღირებულებების საერთო გაგებაზეა დაფუძნებული, მყარი საფუძველია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ასაშენებლად. ევროკავშირმა საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს. ეს პროცესი დაფუძნებულია დამსახურებაზე და რეფორმებზეა მიმართული.

ამავდროულად, რუსეთი და დეზინფორმაციის გამავრცელებელი სხვა აქტორები ცდილობენ საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას, რათა გაიმეორონ კრემლის მხარდამჭერი ნარატივები და პროპაგანდა, ხელი შეუშალონ ინტეგრაციას, განხეთქილება შეიტანონ და სოლიდარობა შეამცირონ. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა და ამ მავნე ქმედებების დასაძლევად მჭიდროდ ვითანამშრომლოთ.

უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!" - ამბობს ჰერჩინსკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი