
ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ამ რეგიონში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და მშვიდობის გავრცელებისთვის, როგორც ეს ევროკავშირის წინა გაფართოებებმა მოახდინა - ნათქვამია საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრისა და გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ერთობლივ განცხადებაში.
"ევროკავშირში გაწევრიანება გრძელი გზაა. ის გულისხმობს არა მხოლოდ ევროკავშირის მიზნებისა და ღირებულებების მიღებას, არამედ ევროკავშირის კანონმდებლობის, სტანდარტებისა და ნორმების მიღებას. 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიწვევთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, ფოკუსირდნენ ამ შესაძლებლობაზე და გააერთიანონ ძალები 12 რეკომენდაციის განხორციელების გარშემო", - აღნიშნულია განცხადებაში.
ელჩები ამბობენ, რომ სოლიდარულები არიან პარტნიორების მიმართ მთელ ევროპაში, რომლებიც უძლებენ პრეზიდენტ პუტინის ცალმხრივი არჩევანის მზარდ ფასს, აწარმოოს ომი ევროპაში.
"რუსეთი ვერ და არ მოიგებს. ევროკავშირი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს უკრაინისადმი ერთსულოვან მხარდაჭერაში და შემდგომ ეკონომიკურ ხარჯებს დააკისრებს რუსეთს, იმ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს, რუსეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც ამ ომს პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ. ჩვენ გავაგრძელებთ სახსრების მობილიზებას, რათა შევამსუბუქოთ იმ ადამიანებისა და ქვეყნების ტანჯვა, რომლებიც, რუსეთის აგრესიის შედეგად, ყველაზე დაუცველები არიან მსოფლიოში", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის დაწყებიდან ქართველებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოავლინეს, რასაც მოწმობს ყველა უკრაინული დროშა თბილისში, რომ საქართველომ, გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინას მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს.